რატომ დაინიშნა ეს ადამიანი [მარატ კამბოლოვი] ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრად? პირველად მოხდა, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე მოვიდა რუსი. საუბარია იმაზე, რომ მას პრეზიდენტად ამზადებენ იმისათვის, რომ მოაწეროს ხელი ანექსიას , - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა,
როგორც დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მისთვის გაუგებარია ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების დუმილი.
დავითაია მიიჩნევს, რომ ძებნაში უნდა გამოცხადდნენ სეპარატისტთა ლიდერები, როგორც კონსტიტუციური რღვევის ხელშემწყობები.
„ანექსიასთან დაკავშირებით სუს-მა დადო დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ანექსია მზადდება და მისი ავტორია კამბოლოვი. ეს დოკუმენტი დადო უწყებამ, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და პარლამენტი დუმს. საგარეო მიმართულებით არაფერი კეთდება. გამოდის, რომ ხელს ვუწყობთ ანექსიას. მიმაჩნია, რომ ჩვენ პარტნიორებთან უნდა დაიწყოს საუბარი ამ მიმართულებით. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რაღაც წითელი ხაზი, სადაც ყველა ერთია- ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ყველას ეხება ანექსიის საკითხი, მით უმეტეს უკრაინის ფონზე. ყველა ვხედავთ თუ როგორ იწვის მოსკოვი. მას სჭირდება რაღაც გამარჯვება და ცხინვალში ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. რატომ დაინიშნა ეს ადამიანი ე.წ. პრემიერ-მინისტრად? პირველად მოხდა, რომ პოლიტიკურ „თანამდებობაზე მოვიდა რუსი“. საუბარია იმაზე, რომ მას პრეზიდენტად ამზადებენ იმისათვის, რომ მან [მარატ კამბოლოვი] მოაწეროს ხელი ანექსიას. ამისთვის ხელისუფლება უნდა ემზადებოდეს. ძებნაში უნდა გამოცხადდნენ სეპარატისტთა ლიდერები, როგორც კონსტიტუციური რღვევის ხელშემწყობები. [საქართველოს მთავრობის] სიჩუმე აიხსნება ანექსიის ხელშეწყობით. არ შეიძლება ჩუმად ყოფნა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორებთან მუშაობა და არა ომი. ღია ომია ევროპარლამენტარებთან. ვერ ვიგებ რატომ არიან ჩუმად, რისი ეშინიათ. თუ შენ, შენს ტერიტორიას არ დაიცავ, არავინ დაიცავს მას“,- აცხადებს დავითაია.