4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირის, მათ შორის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - Palitra News

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირის, მათ შორის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

2026-06-19 08:56:14+04:00

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 7 პირის, მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს, 19 ივნისს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.

აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, რვამ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რაც შეეხებათ, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ.

თუკი, დღევანდელ პროცესზე, რომელიმე მათგანი სურვილს გამოთქვამს, არაა გამორიცხული, პროკურატურამ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს.

რაც შეეხება ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას მათ საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.