ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვას და კანონების გადახედვას სთხოვს - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს - Palitra News

ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას შეკრების თავისუფლების დაცვას და კანონების გადახედვას სთხოვს - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს

2026-06-19 12:20:19+04:00

ევროპარლამენტის შემდეგ, ახლა უკვე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ ანგარიში აქვეყნებს და ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და გააუქმოს კანონები, რომელიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას. უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის პარალელურად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კვლავ დაპაუზებულია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმდინარე დინამიკა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან. როგორც ამბობენ, საკითხის გააქტიურება უკრაინაში ომმაც გამოიწვია, თუმცა აქვე დასძენენ, რომ გაფართოების პროცესი წლების განმავლობაში ნელი ტემპით ვითარდებოდა და ხელშესახები პროგრესი არ არსებობდა. მმართველი გუნდი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებს. მათი განცხადებით, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან უსამართლო მიდგომები ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას და ქმნის დამატებითი დაპირისპირების საფუძველს.