„EU NEIGHBOURS EAST“-ის გამოკითხვით, რესპონდენტთა 71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, 79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, 51%-ის აზრით კი, ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს - Palitra News

„EU NEIGHBOURS EAST“-ის გამოკითხვით, რესპონდენტთა 71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა, 79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, 51%-ის აზრით კი, ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს

2026-06-19 14:56:13+04:00

ევროკავშირის პროგრამის „EU NEIGHBOURS EAST“-ის ფარგლებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგებით, საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა - 71% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავ ემხრობა, ხოლო კიდევ უფრო დიდ ნაწილს -79%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს.

კვლევის შედეგებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.

კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ „ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად, კერძოდ, მას გამოკითხულთა 67% ენდობა. თუმცა იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (ეს მაჩვენებელი 2025 წელს 63%-ს შეადგენდა, წელს კი 60%-ზე ჩამოვიდა)”.

„მაშინ, როცა გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს. 56% კი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფითად აისახება გაწევრიანების პროცესზე. იმავე დროს, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე, 70%-ზე რჩება და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია. მოქალაქეების აზრით, ევროკავშირმა უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს განათლებისა და უწყვეტი განათლების (38%), ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის (34%) და ჯანდაცვის (33%) მიმართულებებით.

მაშინ, როცა ევროკავშირთან დაკავშირებულ სარგებელზე დადებითი აღქმა კვლავ მაღალია, 76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს, ხოლო 75% ამბობს, რომ გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს, გამოკითხულთა ყურადსაღები ნაწილი შეშფოთებასაც გამოთქვამს - 43% ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს და 51%-ს სჯერა, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს.

გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობა შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ 40% აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გასცნობია ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტითაა დაკლებული). გამოკითხულებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება დეზინფორმაციაზე, რომელსაც 86% ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს,“- ნათქვამია პროგრამა „EU NEIGHBOURS EAST”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, „EU NEIGHBOURS EAST” პროგრამა საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევას 2016 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ატარებს.