აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს
ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში მისი პრიორიტეტებია ირანთან მოლაპარაკებების ჩარჩოს შექმნა, ბირთვულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა.
„ჩვენ პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმაღლეს დონეზე გვეყოლება, ხოლო შემდეგ ადგილზე ტექნიკური ჯგუფი დარჩება“, - აღნიშნა ვენსმა.
მისი თქმით, შვეიცარიაში დარჩენა მხოლოდ „ერთი ან ორი დღით“ შეუძლია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწევს.
ჯეი დი ვენსის გარდა, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და არმიის მეთაური ასიმ მუნირიც მიიღებენ, რომლებიც შვეიცარიაში დილით გაფრინდნენ.