Reuters - შესაძლოა, კირ სტარმერმა ორშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს - Palitra News

Reuters - შესაძლოა, კირ სტარმერმა ორშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს

2026-06-21 12:07:46+04:00

შესაძლოა, კირ სტარმერმა ორშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადოს, - ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანულ გამოცემა Observer-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Observer-ის ცნობით, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა 22 ივნისს გადადგომის შესახებ გამოაცხადოს და თანამდებობის დატოვების ვადა დაასახელოს.

გავრცელებული ცნობების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის სამთავრობო წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ სტარმერი კვლავ ქვეყნის მართვაზეა ფოკუსირებული.

ცნობისთვის, გადადგომის მოთხოვნით კირ სტარმერზე ზეწოლა გასულ თვეში ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ დამარცხების შემდეგ გაიზარდა. შიდაპარტიული დაძაბულობის ფონზე რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

სტარმერზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა პარასკევს, როდესაც მანჩესტერის ყოფილმა მერმა, ენდი ბერნჰემმა საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოზიციისთვის იბრძოლოს და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.