მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს - მაქსიმალურად ცდილობს, რომ ვადა დიდ დროში არ გადაიზარდოს და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მივიღოთ მედიკამენტები, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გვიშიანმა აღნიშნა, სახელმწიფოს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც მათ ორ მედიკამენტთან მიმართებით მიიღეს, მშობლებს ჯანდაცვის მინისტრთან და მის გუნდთან შეხვედრა ორჯერ ჰქონდათ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს ფარმაცევტულ კომპანიებთან და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
“ჩვენ იმ კარგი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სახელმწიფომ მიიღო ორ უმთავრეს მედიკამენტთან მიმართებაში, რომელიც თითქმის ყველა ბავშვზე ასახული და მორგებული იქნება, ორი შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის მინისტრთან და სამინისტროს გუნდთან. ერთი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იყო, მეორე ჩვენი ინიციატივით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს - მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს ვადა დიდ დროში არ გადაიზარდოს და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მივიღოთ მედიკამენტები. ამ მხრივ ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ფარმაცევტულ კომპანიებთან - შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული”, - განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.