შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო - Palitra News

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

2026-06-21 17:09:07+04:00

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კატარის საგარეო უწყების განცხადებით, შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში მაღალი დონის პირველი შეხვედრა დაიწყო, რომელშიც აშშ-ის, ირანის და ორი შუამავალი სახელმწიფოს, კატარისა და პაკისტანის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრები ყოვლისმომცველი და მუდმივი შეთანხმების გაფორმებას გამოიწვევს, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ყველა ასპექტს გაითვალისწინებს“, - ნათქვამია კატარის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე, განცხადების თანახმად, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე საბოლოო შეთანხმების დებულებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ასევე, აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შედიან.

ირანის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შედის, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი უძღვება.