4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნული ეპიზოდი ეხებათ შემდეგ ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადდეს სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებული ზურაბ ჭავჭანიძე. სწორედ მისი საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, აღიარებს თუ არა ის ბრალს და მოითხოვს თუ არა საპროცესო შეთანხმებას.
აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.