სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულია ყაზახეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულები კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.