ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო მეტს, რათა პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მათვე მოსთხოვონ ევროკომისიას - Palitra News

ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო მეტს, რათა პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მათვე მოსთხოვონ ევროკომისიას

2026-06-23 13:08:35+04:00

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტის დროს ევროპელ კოლეგებს, რომლებთანაც შეხვედრები გამართეს, „წარუდგინეს წუხილები, რომელიც ქართულ მხარეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით აქვს“.

მისი თქმით, უცხოელ კოლეგებთან პირველ რიგში ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფაზე და მუდმივ მოწოდებებზე, „რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ეკონომიკური სანქციები უნდა დააწესოს.“

სამხარაძის განმარტებით, მათ ევროპელ კოლეგებს აუხსნეს, რომ საქართველოსთვის ეს მხოლოდ ეკონომიკური და ევროპასთან ან თუნდაც, უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი არ არის, არამედ ეს არის ქვეყნის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხი.

„გასულ კვირას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ვიმყოფებოდით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც შეხვედრები გვქონდა როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. შესაძლებლობა გვქონდა, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირთან ურთიერთობის პრიზმაში. ჩვენ წარვუდგინეთ ის წუხილები, რომელიც ქართულ მხარეს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით. სწორედ უსამართლო მიდგომაზე ვსაუბრობ. მინდა, საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, რაზე ვესაუბრებით ჩვენს უცხოელ კოლეგებს. პირველ რიგში, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა, მუდმივი მოწოდებებით იმაზე, რომ საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ეკონომიკური სანქციები უნდა დააწესოს.

ჩვენ ავუხსენით ევროპელ კოლეგებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური და ევროპასთან ან თუნდაც, უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი. არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხი - ამიტომ, ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოა და შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების დამატებითი ესკალაცია მოიტანოს და შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტითაც დასრულდეს.

მეორე საკითხი იყო ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევის საკითხი. ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან იმ შეხვედრებზე, რომელზეც ვიყავით, აბსოლუტური თანხმობა იყო იმ საკითხზე, რომ მიუღებელი და დაუშვებელია, როცა რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ჩადის კანდიდატ ქვეყანაში და იქ წინასაარჩევნო პროცესში რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა.

მესამე საკითხი არის პროტესტი, რომელსაც ევროკავშირი დღემდე მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი იყო და ამაზე გამოვთქვით წუხილი, რომ როდესაც შენ ხედავ პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას, იწვის პარლამენტის შენობა, მანქანები, დაშავებული არიან პოლიციები - ისმის კითხვა, ვინ აკეთებს ამას? რაღაც „უჩინარი ხელია“ თუ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს ჩადიან? როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს მშვიდობიან პროტესტად ვერ მიიჩნევა და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

მეოთხე საკითხი რომელზეც ვისაუბრეთ ეს არის ორმაგი სტანდარტები, რომელიც თუნდაც კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაშია - ის, რაც ეპატიება ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანას, შეიძლება შემდეგ არ ეპატიოს საქართველოს, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამ საკითხებზე გვქონდა საკმაოდ საინტერესო, ღია და კონსტრუქციული საუბარი.

ბოლო არასრული სამი თვის განმავლობაში ჩვენ უკვე ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოში ვიყავით და ექვსივე სახელმწიფოში არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში აქვს - ვგულისხმობ, პოლიტიკური დიალოგის არქონას. ჩვენ გავაგრძელებთ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო მეტს, რათა პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მათვე მოსთხოვონ ევროკომისიას.

რაც შეეხება ვიზის დიალოგს, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ეს ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხია. ევროკომისიას ვალდებულება აქვს, რომ სავიზო დიალოგი ჩაატაროს იმ ქვეყანასთან, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს. ეს შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. როდესაც ნდობაზე ვსაუბრობთ ევროკავშირთან, მიუღებელია როცა დახურული შეხვედრის დეტალები პრესაში იჟონება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. გასაგებია, რომ ქართული მხარე ვერ გაჟონავდა ამ ინფორმაციას იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირშია წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე ყველასთვის ნათელია თუ ვინ გაჟონა ეს ინფორმაცია და რისთვის იყო საჭირო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.