ომმა ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოს 1 მლრდ ბარელი ნავთობი დააკარგვინა. ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების განახლება ნავთობის დეფიციტის სწრაფი აღდგენის გარანტიას არ იძლევა, რადგან თითმის ოთხთვიანი ბლოკადის განმავლობაში მსოფლიომ, დაახლოებით, 1.15 მლრდ ბარელი ნავთობი დაკარგა. ამის შესახებ CNN-ი წერს. გამოცემა ამტკიცებს, რომ ხანგრძლივი ბლოკადის შედეგად, ნავთობის ფიზიკური მარაგი კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და სრუტის ხელახლა გახსნამ შესაძლოა, ნედლი ნავთობის საკმარისად სწრაფი მოწოდება ვერც უზრუნველყოს, რაც ბაზრებს მარაგების სრული ამოწურვისგან ვერ დაიცავს. მაშინაც კი, თუ გლობალური ბაზარი დღეში, თითქმის, 5 მლნ ბარელით მეტ ნავთობს გამოიმუშავებს, ვიდრე მოიხმარს, დაკარგული 1.15 მლრდ ბარელის აღდგენას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება. სწორედ ამიტომ, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნავთობზე ფასები ზედმეტად დაეცა, და ბაზარი რეზერვების ფაქტობრივი ამოწურვის რისკს მათ შევსებამდე არასაკმარისად აფასებს. შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ბოლო შეფასებით, ჰორმუზის სრუტის გავლით მიწოდების აღდგენის შემდეგ, 2027 წელს, ნავთობის გლობალური ბაზარი შესაძლოა, მნიშვნელოვანი პროფიციტის წინაშე აღმოჩნდეს. სააგენტო წერს, რომ ომმა ახლო აღმოსავლეთში ნავთობის წარმოება დღეში 14 მლნ ბარელზე მეტად შეაფერხა, ხოლო 2027 წლისთვის ნავთობის მიწოდება დღეში 8 მლნ ბარელით, დღიური მოთხოვნა კი მხოლოდ 2 მლნ ბარელით გაიზრდება.