ალექსანდრე დარახველიძე - 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება უცხოელთან ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან - Palitra News

ალექსანდრე დარახველიძე - 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება უცხოელთან ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან

2026-06-23 14:53:34+04:00

2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციურ ქორწინებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

მისივე თქმით, თუკი ერთ-ერთი მხარე საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდება და მის მხრიდან ჩადენილ დანაშაულს აღირებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

„სისხლის სამართლის კოდექსში ორი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. ერთი ფიქციურ ქორწინებას ეხება. ერთ საკითხს დავაზუსტებ, რომ თუკი ერთ-ერთი მხარე გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში და მისი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს აღირებს და ხელს შეუწყობს დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. ანალოგიური ჩანაწერი გვაქვს ნარკოტიკებთან, იარაღთან მიმართებაში. ასე რომ, აქაც ჩნდება შანსი, რომ თუკი შეცდომაში შეიყვანეს კონკრეტული პიროვნება და ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, იგი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ასევე, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წესდება საშეღავათო პერიოდი, ვინც იმყოფება ფიქციურ ქორწინებაში და განაცხადებს ამის შესახებ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან,“ - განაცხადა დარახველიძემ.