ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს ანგარიშზე - სანამ რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, მანამდე ამ დოკუმენტებს არანაირი ფასი არ ექნება - ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ - Palitra News

ლევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს ანგარიშზე - სანამ რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, მანამდე ამ დოკუმენტებს არანაირი ფასი არ ექნება - ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ

2026-06-23 15:45:58+04:00

სანამ რეზოლუციები გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე ამ დოკუმენტებს არანაირი ფასი არ ექნება და ჩვენ ამას ყურადღებას, რა თქმა უნდა, არ მივაქცევთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა ევროსაბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება.

მისივე თქმით, ბრიუსელი უნდა შეეგუოს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ვერც არჩევნების და ვერც რევოლუციის გზით ვერ შეცვალეს.

„სანამ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო მიდგომა გაგრძელდება, ძალიან რთული იქნება ურთიერთობის გადატვირთვაზე საერთოდ საუბარი. ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ ბრიუსელი უნდა შეეგუოს იმას, რომ მიუხედავად ასეთი უპრეცედენტო ჩარევისა, მათ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით ვერ შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში რევოლუცია 5-ჯერ დააფინანსეს, ვერც რევოლუციის გზით შეცვალეს „ქართული ოცნება“. უნდა დასხდნენ და ჩვენთან უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება PACE-ს მორიგ რეზოლუციას - სანამ რეზოლუციები იქნება გაჟღენთილი აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე ამ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ ექნება და ჩვენ ამას ყურადღებას, რა თქმა უნდა, არ მივაქცევთ,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს. ანგარიშის ფარგლებში მომზადებული რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.