პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩია. არჩეული პირები „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში საქმიანობას 2 ივლისიდან შეუდგებიან.
კერძოდ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეურვის პოზიციაზე „ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი 83 ხმით დამტკიცდა. ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატი - გრიგოლ მურღულიას დამტკიცებას 84 მომხრე, 4 კი წინააღმდეგი ჰყავდა.
ამავე თანამდებობაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ სამი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომლებმაც დასამტკიცებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
კერძოდ, თეა გეგენავას კანდიდატურას - 12 მომხრე 5 წინააღმდეგი, ელისო გაბადაძის კანდიდატურას - 12 მომხრე, 8 წინააღმდეგი და თეიმურაზ კეკელიძის კანდიდატურას - 12 მომხრე, 7 წინააღმდეგი ჰყავდა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში ერთი ვაკანსია კიდევ დარჩა.
„არჩეული პირები 2 ივლისიდან შეუდგებიან საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. ერთი ვაკანსია თავისუფალი დარჩა, რომელიც ოპოზიციის წარმოსადგენი ვაკანსია გახლავთ. ჩვენ რეგლამენტში ცვლილებები მივიღეთ და კანდიდატურის დასახელების ახალი პროცედურაა - თუ აქამდე ღია კონკურსი, კომისია და ა.შ. იყო საჭირო, 1-ელი ივლისიდან, როდესაც ძალაში შევა რეგლამენტი, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაასახელოთ ერთი კანდიდატი პლენარული სხდომისთვის. როცა მზად იქნებით, რომ კანდიდატი დაასახელოთ, პარლამენტი კენჭს უყრის“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.