სახალხო დამცველი - აქციებზე დაკავებული 573 პირიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 , დაზიანებები აღენიშნებოდა 194 -ს - აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა - Palitra News

სახალხო დამცველი - აქციებზე დაკავებული 573 პირიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 , დაზიანებები აღენიშნებოდა 194 -ს - აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა

2026-06-23 18:29:51+04:00

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო.

შესაბამისი განცხადება იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში/პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 131 პირი, რომელთაგან 35 (26,7 %) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, დაზიანებები კი აღენიშნებოდა 17 დაკავებულს.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან. ამის მიუხედავად, არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე” , - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

პარლამენტში გამოსვლისას სახალხო დამცველმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანგარიშის წარმოდგენის დროისათვის, 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა, არცერთი სამართალდამცავის მიმართ არ იყო დაწყებული.

„თუმცა, მისასალმებელია, რომ უკვე 2026 წლის 8 მაისს პროკურატურის 2026 წლის 8 მაისის განცხადებით, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

მნიშვნელოვანია, აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი პირების, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, ისე ცალკეული მოქალაქეების ვინაობის დასადგენად და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად;

ამასთან, აუცილებელია შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს, უკვე საანგარიშო წელს, საპროტესტო აქციებზე ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, - განაცხადა სახალხო დამცველმა.