ლევან იოსელიანი გიორგი შარაშიძეს - არცერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულება ძალიან მაღალი - მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის, გაკეთდება, მაგრამ რა?! - Palitra News

ლევან იოსელიანი გიორგი შარაშიძეს - არცერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულება ძალიან მაღალი - მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის, გაკეთდება, მაგრამ რა?!

2026-06-23 19:01:01+04:00

მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის გაკეთდება, მაგრამ რა?! ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება?!, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი ძალიან მაღალი.

„არ ვიცი, რატომ მიგაჩნიათ 7% ჩემს წინააღმდეგ არგუმენტად. არცერთი სახალხო დამცველის პირობებში არ ყოფილა რეკომენდაციების შესრულება ძალიან მაღალი. გადახედეთ. ბატონმა გიორგიმ [შარაშიძე] მითხრა, ვისურვებდი ისეთ სახალხო დამცველი იყოს, რასაც იტყვის გაკეთდებაო. ეგრე ბევრი რამის სურვება შეიძლება. მეც ვისურვებდი ისეთი ოპოზიცია იყოს, რასაც იტყვის გაკეთდება, მაგრამ რა?! ჩვენს სურვილებზეა დამოკიდებული რა და როგორ იქნება?! ჩემი პრინციპულობა ამ ანგარიშში გამოიხატება. რა პრინციპით, რა ლოგიკით მოგყავთ ეგ ჩემს საწინააღმდეგო არგუმენტად, მაგას ვერ ვხვდები,“ - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, იოსელიანმა აღნიშნა, რომ ის პრინციპულად და სამართლიანად საქმიანობს. მან უპასუხა "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, გიორგი შარაშიძის კითხვასაც და თქვა,რომ, რადგან სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გამოსცა, ნიშნავს, რომ მასთან იყო დარღვევა.

„მე ვფიქრობ, პრინციპულად და სამართლიანად ვსაქმიანობ. ვფიქრობ, თქვენ ყველაზე მეტად უნდა დარწმუნებულიყავით ამაში, იმიტომ, რომ რამდენჯერაც მოგვმართეთ, იმდენჯერ შესაბამისად მიიღეთ ობიექტური პასუხი. როდესაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ამდენს საუბრობთ და მეკითხებით დაირღვა თუ არა უფლება - რეკომენდაცია გამოიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლით, რომ უფლება დაირღვა. სხვა შემთხვევაში არ გამოიცემა. ეს მარტივი რაღაცაა. რომ მეკითხებით დაირღვა თუ არა, რადგან გამოიცა ე.ი. დაირღვა ხომ?! რომ არ ჩაგვეთვალა დარღვევად, არ გამოიცემოდა [რეკომენდაცია],“ - განაცხადა იოსელიანმა გიორგი შარაშიძის პასუხად, რომელმაც მანამდე ომბუდსმენს მიმართა კითხვით: "გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას?"