მშვიდობიანი აქციის ფარგლებში ასეთი რეგულაციები მიმაჩნია, რომ ზედმეტად მკაცრია. მათ შორის, 5 000 ლარიც. იმ საშუალო ხელფასის პირობებში, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, 5 000 ლარი საკმაოდ მაღალია, - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის კითხვას.
დეპუტატი დაინტერესდა, რატომ მიიჩნევს სახალხო დამცველი არაპროპორციულად იმ ჯარიმებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზისა და ტროტუარის გადაკეტვისთვის ეკისრებათ.
იოსელიანის თქმით, საკითხი მხოლოდ რუსთაველის გამზირს არ ეხება და პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ გარკვეული ადმინისტრაციული გადაცდომების განმეორება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი ხდება.
მისი განმარტებით, მსგავსი მიდგომა სამართლებრივი პროპორციულობის პრინციპთან შეუსაბამოა.
„ამას ნუ შევხედავთ მხოლოდ რუსთაველის კონტექსტში. ის ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ეხება ყველა მოქალაქეს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის მიღებული გადაწყვეტილება. მზღუდავია კანონი იმიტომ, რომ ადმინისტრაციული გადაცდომა, რაც თავისი შინაარსით არ არის სისხლის სამართლებრივი ბუნების მატარებელი, ასეთი გადაცდომა ცხადდება სისხლის სამართლის დანაშაულად. ეს იგივე რაც, ერთხელ გაიაროთ შუქნიშანზე, ამისთვის ჯარიმა გადაიხადოთ. მეორეჯერ რომ გაიაროთ, ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ. თავისი შინაარსით იგივეა. ამიტომ გავასაჩივრე საკონსტიტუციო სასამართლოში. საუბარია მშვიდობიან აქციაზე. მშვიდობიანი აქციის ფარგლებში ასეთი რეგულაციები მიმაჩნია, რომ ზედმეტად მკაცრია. მათ შორის, 5 ათასი ლარიც. იმ საშუალო ხელფასის პირობებში, რაც საქართველოში მოქალაქეებს აქვთ, 5 ათასი ლარი საკმაოდ მაღალია. ეს ყველაფერი შესაბამისი საფუძვლებით არის გასაჩივრებული.
ჩვენ შევისწავლეთ საქმეებით. ჩემი თვალით ვნახე ადამიანი, რომელსაც დაეკისრა ჯარიმა, რომელიც უბრალოდ იდგა ტროტუარზე, არაფერს არღვევდა. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არ არის სტანდარტებთან შესაბამისობაში. გასაგებია, რომ იმ მოვლენებმა, რომელიც ქვეყანაში განვითარდა, გამოიწვია ასეთი კანონების შემოღება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონმდებლობა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ამაზე და მიიღებს შესაბამის და ადეკვატურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.