ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუციის მისაღებად ემზადება. დოკუმენტს დღეს უყრიან კენჭს და მასში ყურადღება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებს, დემოკრატიულ უკუსვლასა და კანონებში შეტანილ ცვლილებებს ეთმობა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ევროპის საბჭოს კიდევ ერთი დელეგაცია იმყოფება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების გავლენას სწავლობს. ცნობების თანახმად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლები თბილისში 25 ივნისამდე დარჩებიან.
საერთაშორისო ყურადღების ფონზე, დღეს ევროპარლამენტის გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაც გაიმართება, თუმცა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან ღონისძიებაზე მიწვეული არ არიან.
რეზოლუციებს მმართველ გუნდში კვლავ სკეპტიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი დოკუმენტები მნიშვნელობას კარგავს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ეკისრება.