სახალხო დამცველის წლიური ანგარიში - როგორ აფასებენ მას პოლიტიკოსები - Palitra News

სახალხო დამცველის წლიური ანგარიში - როგორ აფასებენ მას პოლიტიკოსები

2026-06-24 09:50:15+04:00

სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პოლიტიკური განხილვების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ლევან იოსელიანმა დოკუმენტი პარლამენტში გუშინ, 23 ივნისს წარადგინა. ომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, პენიტენციურ სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სანქციების პროპორციულობაზე გაამახვილა.

ანგარიშის განხილვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. დებატების დროს ლევან იოსელიანს არაერთი კრიტიკული კითხვა დაუსვეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, რასაც მისი უკმაყოფილება მოჰყვა. ანგარიშის შინაარსსა და გაკეთებულ შეფასებებს პარლამენტს მიღმა მყოფი ოპოზიციური პარტიებიც აქტიურად განიხილავენ და სხვადასხვა მიმართულებით აფასებენ.