ოკუპირებული ცხინვალის უკვე ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა, ალან გაგლოევმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.
შესაბამისი განკარგულება კრემლმა უკვე გამოაქვეყნა. გაგლოევის განმარტებით, მან ვლადიმერ პუტინის შეთავაზება მიიღო და გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით ახსნა. როგორც თავად ამტკიცებს, ის საქმიანობას რუსეთის პრეზიდენტის გუნდში გააგრძელებს.
ამ ფონზე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კვლავ აქტიურად განიხილება რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმს შორის მიმდინარე წლის 9 მაისს გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ შეთანხმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ უმოქმედობაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ თბილისი რუსეთის გავლენის გაძლიერებას საკმარისად არ პასუხობს. მმართველ გუნდში კი ამ ბრალდებებს არ იზიარებენ და ოპონენტების შეფასებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.