უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მდებარე სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები გააგრძელა. ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებული შეტევების სამიზნე ქერჩის რაიონის საწვავის ინფრასტრუქტურა, ნავთობტერმინალები და ყირიმის მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები გახდა. იერიშების ფონზე ქერჩის ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერდა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი ოპერაციების მიზანი ოკუპირებული ყირიმის იზოლაცია და რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის შეფერხებაა. რუსეთის ხელისუფლება დრონებით შეტევების გახშირებას ადასტურებს. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინა რუსეთის შიდა ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს, რის გამოც ყირიმში უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა.
ამასთან, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა საფუძვლად 2022 წელს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებები უნდა იქცეს.