გიორგი გვარაკიძე - 2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ - თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება - Palitra News

გიორგი გვარაკიძე - 2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ - თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება

2026-06-24 10:40:02+04:00

2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ - თაღლითობა კომპლექსური დანაშაულია და მასზე რეაგირებას დრო და სათანადო უნარ-ჩვევები სჭირდება, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე.

„2025 წელს თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 655 პირის მიმართ. გვაქვს მოლოდინი, რომ თაღლითობის საქმეებზე სპეციალიზაციის დანერგვა და ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნა დადებითად აისახება ამ კატეგორიის დანაშაულებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებაზე“,-განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წლის ბოლოს თბილისის პროკურატურაში შეიქმნა თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალიზებული დანაყოფის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ბოლო წლებში თაღლითობის ჩადენის მაჩვენებელი მაღალია და დევნის დაწყების მაჩვენებლით დანაშაულთა პირველ ათეულში იკავებს ადგილს.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა გატარდა.

მისი თქმით, ნარკოტიკული და სხვა აკრძალული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის საპრევენციოდ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წელს გაუმჯობესდა დანაშაულის გამოვლენისა და რეაგირების წინა წლის მაჩვენებელი.

„ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად, პროკურატურა მათ მიმართ ატარებდა დაბალანსებულ პოლიტიკას და იყენებდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობ სასჯელს, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირებისა და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.