დაჯი კოვზირიძე გიორგი გვარაკიძეს - შვილები მყავს 20-25 წლის ასაკის და ამბები მოდის ხოლმე, რომ მათი სამეგობრო, ნაცნობები მუშაობენ „ქოლ ცენტრებში“ - საქართველოში ძალიან ბევრი „ქოლ ცენტრია“, რატომ არ იძიებთ? - Palitra News

დაჯი კოვზირიძე გიორგი გვარაკიძეს - შვილები მყავს 20-25 წლის ასაკის და ამბები მოდის ხოლმე, რომ მათი სამეგობრო, ნაცნობები მუშაობენ „ქოლ ცენტრებში“ - საქართველოში ძალიან ბევრი „ქოლ ცენტრია“, რატომ არ იძიებთ?

2026-06-24 12:07:04+04:00

ბატონო გიორგი [გვარაკიძე], ძალიან მოკლე და კონკრეტული კითხვა მინდა დაგისვათ. მე შვილები მყავს 20-25 წლის ასაკის და ასე, ამბები მოდის ხოლმე, რომ მათი საახლობლო, მათი სამეგობრო, ნაცნობები მუშაობენ „ქოლ ცენტრებში“. „ქოლ ცენტრები“ დღეს საქართველოში ძალიან ბევრია, რატომ არ იძიებთ?, - ამ შეკითხვით მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დაჯი კოვზირიძემ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ვიდრე დეპუტატის ამ შეკითხვას გენერალური პროკურორი უპასუხებდა, მას დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„ბოდიშს ვიხდი, ანუ თქვენ ბრძანეთ, ახლა, რომ თქვენი ნაცნობის ნაცნობები „ქოლ ცენტრებში“ მუშაობენ?“- ჰკითხა გორდულაძემ დაჯი კოვზირიძეს.

თავის მხრივ, დაჯი კოვზირიძემ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს გენერალურ პროკურორს „ინფორმაციის დონეზე ეუბნება“.

„ჩემი შვილები, მათი მეგობრები, ახალგაზრდები მაგალითად, ამას წინათ იყვნენ BMW-ს სასრიალო ადგილზე და მოიტანეს ამბავი, ბატონო არჩილ, რომ იქ მოისმინეს, რომ ბიჭები მუშაობენ, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ამ „ქოლ ცენტრებში“ . ასე, ინფორმაციის დონეზე გეუბნებით, რა ვიცი“- -განმარტა დაჯი კოვზირიძემ.

დაჯი კოვზირიძეს კვლავ კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მიმართა და უთხრა, არ უნდა გააგრძელოს ამ საკითხზე საუბარი საჯაროდ.

„ქალბატონო დაჯი, მე მგონი, რომ თქვენ არ უნდა გააგრძელოთ ამ საკითხზე საუბარი საჯაროდ იმიტომ, რომ ჩათვალეთ, დანაშაულის შესახებ გაქვთ ინფორმაცია და არ ეუბნებით გენერალურ პროკურორს. [ინფორმაცია] უნდა მიაწოდოთ გენერალურ პროკურორს... მესმის, არ არის ქალბატონი დაჯი იურისტი და შესაბამისად, ეპატიება, მაგრამ პარლამენტის წევრია.

კარი იქნება, ქალბატონო დაჯი, თუ იმ ადამიანების შესახებ მიაწვდით ინფორმაციას ბატონ გენერალურ პროკურორს, ვინც ამბობენ, რომ იცნობენ იმ ადამიანებს, რომლებიც „ქოლ ცენტრებში“ მუშაობენ. ეს ნამდვილად წაადგება „ქოლ ცენტრების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალებს“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ,

თავის მხრივ, დაჯი კოვზირიძემ უპასუხა, რომ ეს გენერალურმა პროკურორმა უნდა გამოიძიოს.

„მე სად მოვძებნო ვინ, სად მუშაობს? მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ახალგაზრდები, ძალიან დიდი რაოდენობა საუბრობს, რომ მუშაობენ. გამოიძიოს მან“- აღნიშნა დაჯი კოვზირიძემ.