CNN - ევროპაში ძლიერ სიცხეს ებრძვიან, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში ათასობით სკოლა დაიხურა, ეიფელის კოშკსა და ლუვრში სამუშაო საათები შეიზღუდა - Palitra News

CNN - ევროპაში ძლიერ სიცხეს ებრძვიან, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში ათასობით სკოლა დაიხურა, ეიფელის კოშკსა და ლუვრში სამუშაო საათები შეიზღუდა

2026-06-24 14:16:55+04:00

გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში, ძლიერი სიცხის გამო, ათასობით სკოლა დაიხურა, ტურისტულმა ღირსშესანიშნაობებმა კი, მათ შორის ეიფელის კოშკმა, სამუშაო საათები შეზღუდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მთელ ევროპაში რკინიგზის მოძრაობის შეფერხებებია მოსალოდნელი.

საფრანგეთის განათლების მინისტრის ედუარ ჟეფრეის განცხადებით, ქვეყანაში 6 000 სკოლა დაიხურა ან ადაპტირდა. ასობით სკოლა დაიხურა გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში კი ბევრი სკოლა „ტროპიკულ გრაფიკზე“ გადავიდა, უფრო მოკლე სასწავლო დღეებით.

CNN-ის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში, ბელგიასა და საფრანგეთში რკინიგზის მოძრაობის შეფერხების შესახებ გაფრთხილება გავრცელდა იმის შიშის გამო, რომ ექსტრემალურმა სიცხემ შეიძლება გავლენა მოახდინოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე და პოტენციურად ლიანდაგების დეფორმაცია გამოიწვიოს. გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ ოთხშაბათს და ხუთშაბათს რკინიგზით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იმგზავრონ.

პარიზში კი ეიფელის კოშკი - რომელიც პიკის სეზონზე ჩვეულებრივ ღამის 12:45 საათამდეა ღია - სამშაბათს და ოთხშაბათს 16:00 საათზე დაიხურება. ოთხშაბათიდან შაბათამდე ორი საათით ადრე დაიხურება ლუვრის მუზეუმი.

რეკორდულ სიცხეებს ელოდებიან ესპანეთსა და გერმანიაშიც, თუმცა ყველაზე ანომალიურ ტემპერატურას საფრანგეთში პროგნოზირებენ. ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ტემპერატურა, სავარაუდოდ, ნორმაზე 27 გრადუსი ფარენჰეიტით (15 ცელსიუსით) მეტი იქნება, ზოგიერთ რაიონში, მათ შორის პარიზში, ტემპერატურა 104 გრადუს ფარენჰეიტს (40 ცელსიუსს) გადააჭარბებს.