გიგა ბოკერია - მოღალატეობრივი ტყუილი იყო ივანიშვილის რეჟიმის ქადაგება, რომ რუსეთთან დალაგება შესაძლებელია - მოსკოვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება უნდა - Palitra News

გიგა ბოკერია - მოღალატეობრივი ტყუილი იყო ივანიშვილის რეჟიმის ქადაგება, რომ რუსეთთან დალაგება შესაძლებელია - მოსკოვს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება უნდა

2026-06-24 22:23:53+04:00

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ღრმა პოლიტიკური და მორალური კრიზისის გამოხატულებაა, რაზეც პასუხისმგებლობა პარტიის დამფუძნებელს, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.

ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცილისწამებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იმ მეთოდებს იყენებენ, რასაც „ქართული ოცნება“.

„პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცნობილი ცილისმწამებლები არიან. ისინი ღიად აცხადებენ, რომ „ქოცებს“ უნდა დავემსგავსოთ, რომ მოვიგოთ - ამაშიც ბოლომდე ემსგავსებიან. რა ეტყობა მორალურად გადარჩენილის ამ პოლიტიკურ ძალას, ვხედავთ. შიდა კატასტროფაში, რომელშიც არიან, ეძებენ გარე მტერს, რომლის გარშემოც გაერთიანდებიან - რამდენიმე კანდიდატურა ჰყავთ და ერთი-ერთი მე ვარ, როგორც ყოველთვის”, - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსი ტრიალებს, რაც ტრაგიკულია იმის ფონზე, რომ სწორედ ამ ძალამ ქვეყანის უახლეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულა.

„ პოლიტიკურ ძალაში რა ქაოსიც ტრიალებს, რა დონეზეც დავიდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენს უახლოეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულა... არ შემიცვლია აზრი იმის შესახებ, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელებულმა ცვლილებებმა ქვეყანა უფსკრულის პირიდან მოატრიალა და შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობის საფუძველი. შემდეგ კი მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. ხშირად ვიხსენებ კახა ბენდუქიძის ნათქვამს: „ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ზოგჯერ წინ რომ გადადგამ ნაბიჯს, შეიძლება ფუნაში გადადგა ფეხი“. ტრაგიკულია,რომ ამ ისტორიული მისიის შემსრულებელი პოლიტიკური გუნდის ლიდერი , „ვარდების რევოლუციის“ იდეალების და ფასეულობების ნაცვლად, დღეს არის „ოცნების“ პაროდია [მიხეილ სააკაშვილი] - შინაარსით, ცილისწამებით, ეთნორელიგიური პოპულიზმით“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, რადგან არსებული პოლიტიკური გარემო სწორედ მისი გავლენით ჩამოყალიბდა.

„სრული მორალური კატასტროფაა, რასაც იქ ვხედავთ. დემოკრატია ჰქვია, როდესაც ნებისმიერი ფასეულობების გარშემო გაერთიანებულ ჯგუფს ურთიერთობის მწყობრი წესები აქვს. რასაც ვხედავთ, ეს არის უწესობის აპოთეოზი, სააკაშვილის მიერ ინსპირირებულს. დანარჩენი ფიგურა მასთან შედარებით არ არის მისი კალიბრის. ამაშიც პასუხისმგებლობა მას ეკისრება. მან შექმნა ეს კლიმატი. ეს არ არის კარგი, რადგან სრულად მიაქვს საინფორმაციო ჟანგბადი“, - განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ოპოზიციურ ველზე მიმდინარე პროცესების შეფასებისა, გიგა ბოკერიამ ისაუბრა „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე. ბოკერია თვლის, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციები მოღალატეობრივია.

ბოკერიას განცხადებით, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ადასტურებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხეების გარეშე შეუძლებელია.

მისი შეფასებით, მცდარია მოსაზრება, რომ რუსეთთან შეთანხმება შესაძლებელია ისე, რომ საქართველოს სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ზიანი არ მიადგეს.

„დასკვნა, რომელიც ყველამ უნდა გამოვიტანოთ, არის ის, როგორი უტიფარი და მოღალატეობრივი ტყუილი იყო ივანიშვილის რეჟიმის ქადაგება, რომ რუსეთთან დალაგება შესაძლებელია ისე, რომ ჩვენ სახელმწიფოებრიობას არ ერჩოდეს. ეს არის სრული სიცრუე. საქართველოს დეოკუპაციას და ჩვენი სახელმწიფოს ამ საფრთხისგან განეიტრალებას სჭირდება საქართველოს სიძლიერე ქვეყნის შიგნით, თავდაცვისუნარიანობა, ქვეყნის შიგნით მტრის საყრდენის განეიტრალება, მოკავშირეების ყოლა და გვჭირდება რუსეთის მარცხი. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ივანიშვილის რეჟიმი ამ ეროვნული ამოცანის საპირისპიროდ მოქმედებს ყველა საკითხში“, - აღნიშნავს ბოკერია.

რატომ უნდა რუსეთ საქართველოსთან მიმართებაში ასეთი სვლა, ბოკერია პასუხობს, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი სახელმწიფოს დამოუკიდებელი განვითარების შეზღუდვა და მისი ინსტიტუციური დასუსტებაა.

„რატომ დასჭირდათ იანუკოვიჩისნაირი ლიდერი, რომელიც უკრაინაში ჰყავდათ და რომელმაც ბაზა მისცა, ნატო-ზე თქვა უარი... რატომ მოსთხოვეს თავისუფალ ვაჭრობაზე ეთქვა უარი ევროპასთან და უვიზო მიმოსვლის შანსის მოსპობა უკრაინისთვის? რატომ აფეთქებდა შევარდნაძეს, რომელმაც ყველა დაუნიშნა? სახელმწიფოებრიობის განადგურება უნდათ. როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ტაქტიკურად ესა თუ ის ნაბიჯი გადადგან, არ ვიცი. ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ქვეყნის შიგნით ფორმაში ყოფნა, რომ არ მოგვივიდეს ის, რაც მოგვივიდა 90-იანებში“, - აღნიშნავს ის.