საფრთხე რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ ემუქრება - ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება თბილისში ისევ მსჯელობის მთავარი საგანია. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს რომ რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს აჩქარებს, ამის ფონზე კი საქართველოს ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. ოპოზიციის ნაწილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ ანექსიის პროცესი აშკარად სახეზეა, თუმცა, ქართულ მხარეს საერთაშორისო ასპარეზზე სამართლებრივი დავების წარმოების გარდა სამწუხაროდ ბრძოლის სხვა სერიოზული მექანიზმი არ გააჩნია. „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ რომ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებენ, თუმცა მათივე თქმით, ხისტი რიტორიკის გამოყენებამ ქვეყანას შესაძლოა 2008 წლის მსგვასი მძიმე შედეგები მოუტანოს. შეგახსენებთ რომ სულ ახლახანს ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა, რისი მიზანიც ხელმომწერთა განცხადებით ხალხების დაახლოება უნდა იყოს. კრემლის პრესსპიკერი. დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “მთავრობის” ცვლილება რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება