პროცესი, რაც ზოგადად, ელენე ხოშტარიასთან მიმართებით მიმდინარეობს, მართლა უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ, მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საბედნიეროდ, ლაბორატორიული კვლევების პასუხი არის უარყოფითი კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებით, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა. მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია, ეს მართლაც ღიმილის მომგვრელია, ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი და ასევე, შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს უნდა ჰქონდეს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და შესაბამისი ექიმის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში მოხდება დაშვება. მას ის დაავადება არ სჭირდა, რომელზეც მისი მხარე აპელირებს. ექიმი დაწესებულებაში არ მოსულა. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში არ მოსულა“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს დაახლოებით 4 დღის წინ მიმართეს კვლევების ჩატარების თაობაზე, მანამდე კი ელენე ხოშტარიას მხრიდან გამოკვლევებზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
„ხაზს ვუსვამ, მისი მოთხოვნისამებრ განხორციელდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და თან არაერთგზის“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერების განცხადებით, ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვების საკითხზე პენიტენციური სამსახურის მხრიდან პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.