გიორგი გაბიტაშვილი - სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს - Palitra News

გიორგი გაბიტაშვილი - სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს

2026-06-25 11:52:38+04:00

სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მეკავოს, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის შესაბამის კითხვას უპასუხა.

გაბიტაშვილი აღნიშნავს, რომ ის სანქცირებული იყო მაშინაც, როცა პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, რაც ადასტურებს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანოს მის მიმართ ნდობა აქვს.

„რაც შეეხება ჩემს სანქცირებას - სანქცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ეს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ასე რომ, ის, რომ მეკავოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე სანქცირებული ვიყავი, როდესაც პარლამენტმა მხარი დამიჭირა. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ნდობა ჩემს მიმართ და იმ ინსტიტუციის მიმართ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ,“ - განაცხადა გაბიტაშვილმა.

ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა გიორგი გაბიტაშვილს სანქცირებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

„თქვენ ბრძანდებით ორგზის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის და ესტონეთს მხრიდან. ეს სანქცირება მოხდა იმ უმოქმედობის გამო, რომელიც თქვენ გამოავლინეთ საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში. როგორ შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდეს პიროვნება, რომლის პროფესიულ პასუხისმგებლობას უკავშირდება საერთაშორისო დონეზე შეფასებული სისტემური უმოქმედობა და როგორ უნდა ჰქონდეს ასეთ ფიგურას სრული ინსტიტუციური ნდობა ფინანსური კონტროლის განხორციელების დროს?,“ - განაცხადა ხვედელიანმა.