შალვა პაპუაშვილი - მოლდოვის შემთხვევაში სუვერენიტეტის შეზღუდვაზე კი არა, საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე - მოლდოვა ეძებს ევროკავშირში გვერდითა შესასვლელს, ვინაიდან, როგორც ჩანს, ყველა ხვდება, რომ გაფართოების განაცხადი ბრიუსელს უკან მიაქვს - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - მოლდოვის შემთხვევაში სუვერენიტეტის შეზღუდვაზე კი არა, საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე - მოლდოვა ეძებს ევროკავშირში გვერდითა შესასვლელს, ვინაიდან, როგორც ჩანს, ყველა ხვდება, რომ გაფართოების განაცხადი ბრიუსელს უკან მიაქვს

2026-06-25 12:04:43+04:00

ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი ბრიუსელში ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არა, საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მოლდოვა რუმინეთთან მიერთების მზაობით ევროკავშირში „გვერდითა შესასვლელს ეძებს“, რაც მისივე განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი ბრიუსელს უკან მიაქვს.

„როდესაც საქართველოს მოლდოვას ადარებენ, ეს არის ერთ-ერთი და მთავარი საკითხი, რაც თავშივე ხაზს უსვამს, რომ შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება მაშინ, როდესაც მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა. აბა რა ქვეყანას აშენებდნენ 35 წელი, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ, როდესაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას როგორც ჩანს, მათთვის არ ჰქონია.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც საქართველოს ადარებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოლდოვასთან, შეუძლებელია ამის შედარება, ყველა დავრწმუნდით, რომ მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა არ მიაჩნია ღირებულებად. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ. ჩვენ ათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს და ასეთი დამოკიდებულება ქართველს ვერც კი დაესიზმრება, რომ იფიქროს, საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს რაღაც ევროპული იდეის გამო.

ეს აჩვენებს ერთ რამეს კიდევ, თუ რა ხდება ევროკავშირის გაფართოების გზაზე. ეს აჩვენებს, რომ მოლდოვას, როგორც ჩანს, არ აქვს იმედი, რომ სერიოზული განზრახვები დგას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. მოლდოვას, რომელსაც ვხედავთ, რომ დემონსტრაციულად აცხადებენ ლამის სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. ეს საუბარი, რომ სახელმწიფოს გაუქმების და რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანის შედეგად შევიდნენ ევროკავშირში, ნიშნავს იმას, რომ მოლდოვა ეძებს გვერდითა შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან, როგორც ჩანს, ის, რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების განაცხადი ბრიუსელს უკან მიაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.