ვასო ურუშაძე - მსოფლიოში საწვავი იაფდება, ჩვენთან კი მოქალაქეების ჯიბეების დაცარიელება იმავე ტემპით გრძელდება - Palitra News

ვასო ურუშაძე - მსოფლიოში საწვავი იაფდება, ჩვენთან კი მოქალაქეების ჯიბეების დაცარიელება იმავე ტემპით გრძელდება

2026-06-25 13:10:42+04:00

ნავთობიმპორტიორების მხრიდან მომხმარებლის ხარჯზე მოგების მარჟის გაზრდა და „ორმაგი სტანდარტით“ თამაში უკვე კლასიკად იქცა. ციფრები არ ტყუიან - მსოფლიოში საწვავი იაფდება, ჩვენთან კი მოქალაქეების ჯიბეების დაცარიელება იმავე ტემპით გრძელდება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას აწყობს რაც უფრო ძვირი ეღირება საწვავი, ვინაიდან მეტია ხელისუფლების წილი 18% დღგ-ს სახით.

„ციფრებითა და მარტივი ეკონომიკური პარამეტრებით შევხედოთ, რა ხდება დღეს საწვავის ბაზარზე ბოლო ერთი თვეა და როგორ მუშაობს ნავთობიმპორტიორების „ცალმხრივი“ ლოგიკა.

საერთაშორისო პლატსის (Platts) მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, გადამუშავებული ნავთობპროდუქტების საბითუმო ფასი მკვეთრად, დაახლოებით 10%-დან 12%- მდე შემცირდა. ნედლი ნავთობის ბაზარზე კლების ტენდენცია უკვე მთელი თვეა ნარჩუნდება - ბოლო ოთხ კვირაში Brent მარკის ნავთობის ფასი თითქმის 21%-ით დაეცა და 16-კვირიან მინიმუმამდე, ბარელზე 75.5-76 დოლარამდე ჩამოვიდა (მაშინ როცა ივნისის დასაწყისში ფასი 95 დოლარს აჭარბებდა). რა ხდება ამ დროს საქართველოში? ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე სრული სტაბილურობაა! კლების პროცენტი - ზუსტად 0%.

ევრო რეგულარის ფასი ისევ მყარად დგას 3.60 ლარზე. დიზელი ისევ 4.25 ლარია.

ახლა კი მთავარი პარადოქსი და ნავთობიმპორტიორების საყვარელი „ორმაგი სტანდარტი“:

როცა პლატსი საერთაშორისო ბირჟაზე 1%-ით იმატებს, ნავთობიმპორტიორი კომპანიებისგან სულ გვესმის: „ბირჟაზე ფასი გაიზარდა, სხვა გზა არ გვაქვს, იძულებულები ვართ ტაბლოებზე ფასები ეგრევე შევცვალოთ“ არავინ უყურებს იმას, რომ რეზერვუარებში კვირების წინ იაფად ნაყიდი საწვავი უსხიათ - ფასს ზრდიან მომენტალურად, რომ ზემოგება არ გამორჩეთ.

მაგრამ, როცა საერთაშორისო ფასი 10% - ით ეცემა, ეგრევე ირთვება ცნობილი ეკონომიკური „ზღაპარი”: იცით, ჩვენ ძველი მარაგები გვაქვს ძვირად ნაყიდი, 2-3 კვირა ვერ დავაკლებთ... შეიძლება მეტიც. ველოდებით ერთი თვეა და ალბათ კიდევ ერთი თვე დაგვჭირდება, რომ 5 თეთრი მაინც დააკლონ.

ნავთობიმპორტიორების მხრიდან მომხმარებლის ხარჯზე მოგების მარჟის გაზრდა და „ორმაგი სტანდარტით“ თამაში უკვე კლასიკად იქცა. ციფრები არ ტყუიან - მსოფლიოში საწვავი იაფდება, ჩვენთან კი მოქალაქეები ჯიბეების დაცარიელება იმავე ტემპით გრძელდება!

რატომ დუმს ხელისუფლება ?! მთავრობას აწყობს რაც უფრო ძვირი ეღირება საწვავი, მეტია ხელისუფლების წილი 18% დღგ-ს სახით, მეტი აქვთ გარანტირებული საბიუჯეტო შემოსავალი,- აღნიშნა ვასო ურუშაძემ.