ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია - ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია - ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის

2026-06-25 14:58:41+04:00

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში უამრავი ტყუილია - ასეთ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია თავისი შინაარსით პოლიტიკურად მიკერძოებულია.

ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები იზიარებენ პასუხისმგებლობას იმ „სამარცხვინო დოკუმენტზე“, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამტკიცდა.

„ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში. ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უზუსტობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი. არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, კარგად იცის, რა დგას ამ ყველაფრის უკან, შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არავითარი ფასი არ აქვს.

რაც შეეხება ოპოზიციის როლს - ჩვენ ვიცით, რა არის მათი როლი. ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით. ეს არის ჩვეულებრივ უცხოური აგენტურა. ეს ეხება პარტიებს, ე.წ. ენჯეოებს. ისინი ჩასული იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამტკიცდა,“ - განაცხადა კობახიძემ.