ტატა ხვედელიანი გიორგი გაბიტაშვილს - კორუფციას რომ ებრძოლო, თავად უნდა გქონდეს სუფთა წარსული და მორალური უფლება - დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს, ეს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გაგაჩნიათ! - Palitra News

ტატა ხვედელიანი გიორგი გაბიტაშვილს - კორუფციას რომ ებრძოლო, თავად უნდა გქონდეს სუფთა წარსული და მორალური უფლება - დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს, ეს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გაგაჩნიათ!

2026-06-25 15:27:58+04:00

რატომ ვერ მოახერხეთ და რამ შეგიშალათ ხელი ღარიბაშვილის და ლილუაშვილის კორუფცია გამოგევლინათ?! სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრაქტიკულად არ ჩანს იქ, სადაც მოქალაქეები ყველაზე დიდ კორუფციულ რისკებს ხედავენ, - ამ შეკითხვით მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა გენერალურ აუდიტორს, გიორგი გაბიტაშვილს.

ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი გაბიტაშვილი საერთაშორისოდ დასანქცირებული ყოფილი პროკურორია, რომელიც წლების განმავლობაში ხელს აფარებდა „სისტემურ დანაშაულს, ოთარ ფარცხალაძის გავლენებს და ელიტურ კორუფციას“.

„დღეს უკვე ყველა საუბრობს ფარცხალაძეზე, მის გავლენებზე, მის კავშირებზე, მის საქმიანობაზე. მაგრამ სწორედ იმ წლებში, როდესაც ეს გავლენები ყალიბდებოდა და სახელმწიფოში იკიდებდა ფეხს, თქვენ პროკურატურის ხელმძღვანელობდით. დღეს უკვე ყველამ ვიცით „ქოლ-ცენტრების“ შესახებ. ბატონო გიორგი, მაშინ რატომ ვერ ხედავდით ამ ყველაფერს? რატომ აფარებდით ხელს ფარცხალაძის „ქოლ-ცენტრებს“?! იგივე ეხება ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს. საზოგადოებაში დღემდე არსებობს განცდა, რომ ამ საქმეზე პასუხები ძალიან დაგვიანებით გაჩნდა, მაშინ როდესაც სახელმწიფოს თავიდანვე ყველა ბერკეტი ჰქონდა სიმართლის დასადგენად. როდესაც დღეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, საზოგადოებას ახსენდება არა მხოლოდ თქვენი დღევანდელი თანამდებობა, არამედ მთელი ის პერიოდი, როდესაც სამართალდამცავი სისტემა თქვენს ხელში იყო. რატომ ვერ მოახერხეთ და რამ შეგიშალათ ხელი ღარიბაშვილის და ლილუაშვილის კორუფცია გამოგევლინათ?! სახელმწიფო აუდიტის სამსახური პრაქტიკულად არ ჩანს იქ, სადაც მოქალაქეები ყველაზე დიდ კორუფციულ რისკებს ხედავენ. წლებია არსებობს კითხვები მუნიციპალურ შესყიდვებთან დაკავშირებით, ბაღების სისტემასთან დაკავშირებით, სასადილოების პროგრამებთან დაკავშირებით, სატენდერო პრაქტიკასთან დაკავშირებით. მილიონობით ლარის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. თუმცა აუდიტის სამსახურის რეაგირება არასდროს პასუხობს იმ მოლოდინს, რომელიც საზოგადოებას აქვს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ თანამდებობის პირთა დეკლარაციებზეც. დღეს არაერთი დეკლარაცია ფორმალურად არის შევსებული და ხშირად ელემენტარულ გამჭვირვალობის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. საზოგადოებას ასევე არაერთი კითხვა აქვს „ოცნების” ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. როგორ ფინანსდება პოლიტიკური ძალა, რომელმაც მთელი სახელმწიფო ვერტიკალი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. რა მექანიზმებით ხდება გავლენების შენარჩუნება. როგორ არის გადაჯაჭვული პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები.

სამწუხაროდ, სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც ყველაზე მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, აუდიტის სამსახურის ხმა საერთოდ არ ისმის. ბატონო გიორგი, ამ ქვეყანას აღარ სჭირდება მორიგი ფორმალური ანგარიშები, რომელიც ორ დღეში ყველას დაავიწყდება! ჩვენს ხალხს არ სჭირდება ფასადური ინსტიტუტები! ამ ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი, პრინციპული და გამბედავი უწყება, რომელსაც არ შეეშინდება გავლენიანი კლანების, პარტიული ბოსების და პოლიტიკური ვერტიკალის!

ქვეყანას სჭირდება აუდიტორი, რომელიც იცავს ხალხის ჯიბეს და არა ხელისუფლების კომფორტს! მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციას ებრძოლო, პირველ რიგში თავად უნდა გქონდეს სუფთა წარსული და მორალური უფლება. თქვენ კი საერთაშორისოდ დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს, რომელიც წლების განმავლობაში ხელს აფარებდით სისტემურ დანაშაულს, ფარცხალაძის გავლენებსა თუ ელიტურ კორუფციას, ეს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გაგაჩნიათ! ამიტომ, დღეს ჩვენ აქ არა მხოლოდ ერთ ჩვეულებრივ ანგარიშს, არამედ იმ დასუსტებულ და ნდობადაკარგულ სისტემას განვიხილავთ, რომლის შექმნაშიც თქვენ ლომის წვლილი გაქვთ. საქართველოს მოქალაქეებს ბევრად მეტი ეკუთვნით, ვიდრე თქვენი შეუსრულებელი რეკომენდაციები და თაროზე შემოდებული საქმეები!“,-განაცხადა ტატა ხვედელიანმა.