YouTube არხი „ოქტოპუსი“ - ჩვენ გადაცემაში გაჟღერებული ხუმრობა არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას - გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ - Palitra News

YouTube არხი „ოქტოპუსი“ - ჩვენ გადაცემაში გაჟღერებული ხუმრობა არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას - გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ

2026-06-25 16:47:36+04:00

YouTube არხი „ოქტოპუსი“ იუმორისტული შინაარსის ვიდეოს შესახებ განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ „შავი ხუმრობა“ არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიშს უხადიან.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი გადაცემა „გაცოცხლებულიდან" გაჟღერებულ ხუმრობას, სადაც იუმორისტულ თემებს აგზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზებულად ვხუმრობთ. თემაზე „ზღაპრები რომ ცუდად მთავრდებოდეს“ ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ „რაპუნცელზე“ იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო „შავი ხუმრობა“, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას, თუმცა, გვესმის რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ. ონკოპაციენტები ჩვენც გვყოლია ოჯახში, სანათესავოშიც და ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია, უბრალოდ ვცადეთ იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გვქონია.

აქვე განვმარტავთ, რომ არცერთი ჩვენი სპონსორი და წარმდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს „ოქტოპუსის“ გუნდი, რადგან ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს მეგობრებო.

რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“ და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ თითქოს ეს ხუმრობა მიმართული იყო ლეიკემიანი ბავშვების დაცინვისკენ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ მათ სასამართლოში ვუჩივლოთ. ეს ცილისწამებაც ბოლო დღეებში აგორებული „შავი პიარის“ ნაწილია, რაც განზრახ ისახავს ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენებას“,- აღნიშნულია განცხადებაში.