ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო განხილვა კვლავ დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა. დაცვის მხარე პროცესის დაჩქარებულ რეჟიმსა და უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს, ბრალდების მხარე კი საკუთარ პოზიციას მოწმის ჩვენებით ამყარებს. პროკურორის ინფორმაციით, მოწმემ ბრალდებულთა საუბარი ვერ გაიგონა, თუმცა მათი ჟესტიკულაცია პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებად აღიქვა. ადვოკატ ზვიად კორძაძის შეფასებით, მეორე ადვოკატის სხდომიდან გაძევება მომავალ სამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანი გარემოება იქნება. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებულთა ნაწილს სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, დაცვის მხარეს სრულფასოვანი მუშაობისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა აღარ ეძლევა.