საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელი სხდომა პროტესტისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ლიკა შავგულიძე-ბასილაიამ და ლაშა ტუღუშმა სხდომა მას შემდეგ დატოვეს, რაც ვასილ მაღლაფერიძემ დღის წესრიგში ბავშვთა უსაფრთხოების საკითხის შეტანაზე უარი განაცხადა. საბჭოს წევრები მიიჩნევდნენ, რომ ტელევიზიაში გადაღებების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხი განხილვას საჭიროებდა. კამათი სწორედ ამ თემაზე დაიწყო. ლაშა ტუღუშმა რეგლამენტზე მიუთითა და განაცხადა, რომ საკითხის განხილვაზე უარის თქმა მიუღებელია, რადგან იგი არა პოლიტიკას, არამედ ბავშვის უფლებების დაცვას ეხება. პროტესტის ნიშნად მან სხდომა დატოვა, რასაც ლიკა შავგულიძე-ბასილაიაც შეუერთდა.