ლევან ლორთქიფანიძე - რაც უფრო დაბლა ვხრით თავს, რუსეთის მადა საქართველოზე ძლიერდება - რაც შეეხება რეზოლუციებს, თუ „ოცნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, 24 საათი რატომ ლაპარაკობენ? რატომ ნერვიულობენ? - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - Palitra News

ლევან ლორთქიფანიძე - რაც უფრო დაბლა ვხრით თავს, რუსეთის მადა საქართველოზე ძლიერდება - რაც შეეხება რეზოლუციებს, თუ „ოცნებისთვის“ მნიშვნელობა არ აქვს, 24 საათი რატომ ლაპარაკობენ? რატომ ნერვიულობენ? - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“

2026-06-25 21:12:13+04:00

პოლიტოლოგი და „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ევროპული ინსტიტუტების მიერ მიღებულ რეზოლუციებს საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აქვს.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა (PACE) და ევროპარლამენტის რეზოლუციებს მნიშვნელობა არ აქვს, მათივე ქმედებებს ეწინააღმდეგება.

მისი შეფასებით, მსგავსი რეზოლუციების დაგროვებამ შესაძლოა მომავალში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმას შეუწყოს ხელი. ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი დოკუმენტების მიღება როგორც ევროპულ ინსტიტუტებში, ისე ეროვნული პარლამენტების დონეზე.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო რეზოლუციაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ამბობენ, რომ მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გამონათქვამს -„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - მახსენებს. თუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი კვირა რატომ ამზადებ ბინძურ სიუჟეტებს PACE-ს ან ევროპარლამენტარებზე? რატომ ლაპარაკობენ 24 საათი პრესკონფერენციებზე, სამთავრობო საათზე, პარლამენტში ამ ხალხზე, რატომ? რატომ ნერვიულობენ? ე.ი. გაწუხებს და პრობლემას ქმნის შენთვის. ე.ი. შენც იმიჯს აზიანებს.

საბოლოოდ, ეს რეზოლუციები დაგროვდება და შეიძლება იგივე ნაბიჯი დიდმა ბრიტანეთმა გადადგას. ევროკავშირში ვითარება იცვლება, შეიძლება მათ გადადგან ეს ნაბიჯი. რეზოლუციებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა პარლამენტებმაც მიიღონ ასეთი რეზოლუცია, იმისათვის, რომ ნიადაგი მომზადდეს, ვისაც აგინებენ მასთან არ უნდა ჰქონდეთ, არც საბანკო ანგარიში, არც მათი შვილები უნდა ცხოვრობდნენ იქ, არც რაიმე ტიპის კავშირი ჰქონდეთ ამ „კოშმართან“. ევროპა და ამერიკა თუ კოშმარია, ტაჯიკებთან უყალიბდებათ მეგობრული ურთიერთობა, ავღანეთიც იქვეა და დაამყარონ ურთიერთობები. მივესალმები ტაჯიკეთთან ურთიერთობების დამყარებას, მაგრამ ყველაფერს თავისი კონტექსტი სჭირდება სად დგახარ, ვინ გიმაგრებს ზურგს.

ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის პოლიტიკაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი მიდგომა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებს ვერ ამცირებს.

„გვეუბნებიან, რომ მათი პოლიტიკა გვიცავს რუსეთისგან და ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მტკივნეულ პროცესს ჩვენ ქვეყანაში, რუსეთს საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვა უკრაინაში სურს იმით, რომ ლამის სამოკავშირეო სახელმწიფოდ გამოაცხადოს ცხინვალი. თითქოს, ამათი პოლიტიკა რუსთან რამეს ალაგებს, სინამდვილეში რუსეთის მადა საქართველოსთან მიმართებაში რაც ურო დაბლა ვხრით თავს, კიდევ უფრო ძლიერდება. პრობლემა იმაშია, რომ თავს იმდენად დაბლა ხრი, რომ ხმები და არარაობა ხდები საერთაშორისო ურთიერთობებში“,- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.