ლევან სანიკიძე - PACE-ს რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობები, ანუ ვადამდელ თუ 2028 წლის არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს - Palitra News

ლევან სანიკიძე - PACE-ს რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობები, ანუ ვადამდელ თუ 2028 წლის არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს

2026-06-25 21:53:13+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, რეზოლუციები „ფარატინა“ ქაღალდად არ დარჩება.

როგორც სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის სათანადო პირობები არ არსებობს, რაც, 2028 წლის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებულ კითხვებს აჩენს.

„რეზოლუციები ფარატინად არ დარჩება. რამდენიც არ უნდა იძახონ „ჩალის ფასი აქვს“, თითქოს არ აინტერესებთ, თუ არ გაინტერესებს, არც კომენტარს გააკეთებ, არც შეიმჩნევ, არ ინერვიულებ. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობები. ანუ აპრიორი ვადამდელი არჩევნები იქნება თუ რიგითი 2028 წლის ხაზგასმულია, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. თუ ვადამდელს გამოვრიცხავთ, 2 წლით ადრე არის ჩანაწერი, რომ ახლა რა პირობებიც არსებობს, როგორც სარჩევნო კანონმდებლობასთან, ისე გარემოსთან მიმართებით შეუძლებელია ეს პროცესი იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შემქმნელი.

რატომ არ ესწრებოდა ამ სესიას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია? წინა სესიების დროს პოლიტიკური ყულფი მათ გარშემო ისე დავიწროვდა, რომ იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ. მათი მთავარი ფალავანი ვინც არის - თეა წულუკიანი გაგზავნეს, რომ რამენაირად ეშველა, თუმცა ვერ უშველა“, - განაცხადა სანიძიემ.

სანიკიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ არჩეულმა ბოიკოტის სტრატეგიამ შედეგი გამოიღო, თუმცა ამის შემდეგ ოპოზიციური ძალების გაერთიანება უნდა მომხდარიყო.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ საპარლამენტო დაფინანსება, საკრებულოებში წარმომადგენლობა და ფრაქციები, გაძლიერების ერთადერთი გზა ერთიანობაა.

„თუ რამემ იმუშავა, მგონია, რომ ბოიკოტია. მე ვთვლი, რომ ბოიკოტის შემდეგი ფაზა უნდა ყოფილიყო ოპოზიციის გაერთიანება და არა ის, რაც მოხდა და ხდება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი უნდა მომხდარიყო. აქ უკვე გაიყო ჩვენი გზები: ნაწილი შევიდა, ნაწილი არა. ამის შემდეგ წარმოიშვა უფსკრული ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიებს შორის და ამას კიდევ უფრო დაემატა სხვადასხვა ფლანგზე დაპირისპირება. როდესაც საპარლამენტო დაფინანსება არ გაქვს, საკრებულოს წევრები არ გყავს და არც ფრაქციები, ერთადერთი პასუხია გაერთიანდე. ამომრჩეველი უნდა დაარწმუნო და დაანახო, რომ ამ ბოიკოტიდან გაძლიერებული გამოხვედი. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ბოიკოტით დაზიანდნენ, მაგრამ ამომრჩევლის თვალში აღქმაა, რომ ორივე დავზიანდით.

რეზოლუციაშივე არის პასუხი. იქ [პარლამენტი] შესვლას აზრი არ ჰქონდა. ეს ჩვენ 2020 წელს გავიარეთ, როდესაც 60 ოპოზიციონერი შევიდა, კი რამდენჯერმე ადუღდა ტემპერატურა სასესიო დარბაზში, მაგრამ რა? 2024-ში უფრო ცუდად ჩატარდა არჩევნებში, ვიდრე 2020 წელს“,- განაცხადა სანიკიძემ.

გარდა ამისა, სანიკიძემ ისაუბრა მისი პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ - შესახებ და თქვა, რომ პროცესებს აკვირდება და მისი სურვილია, რომ მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაილახოს.

სანიკიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული, ორი თანათავმჯდომარის მოდელი ოპტიმალურ ვარიანტად მიაჩნია.

„ჯერჯერობით ვაკვირდები პროცესების განვითარებას. მიმაჩნია, რომ პირველი ვერსია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შემოთავაზებული, ორი კანდიდატის თანათავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ყველაზე ოპტიმალური იყო, ასე რომ გამოსულიყო. ისინი შეძლებდნენ საკუთარი ძლიერი მხარეებს სრულფასოვნად წარმოჩენას. ფაქტია, რომ საარჩევნო პროცესში გადავედით, რაც დემოკრატიული პროცესის ნაწილია, უბრალოდ სურვილი მაქვს მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ იყოს გადალახული, ხედვაზე ორიენტირებული პაექრობა იყოს“,- განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიაში მიმდინარე საარჩევნო პროცესი სწრაფად და ნაკლები დაპირისპირებით დასრულდეს.

„მგონია, რომ ნანუკა ჟორჟოლიან არ ფლობდა სრულფასოვან ინფორმაციას „ალიანსთან“ დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა გაწევრიანება. „ალიანსიდან“ გამოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახალმა თავმჯდომარემ უნდა მიიღოს და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი თეზისი ეს შეიძლება იყოს. ზოგიერთი თვლიდეს, რომ პარტია არ უნდა გამოვიდეს „ალიანსიდან“ ზოგიერთი კი უნდა გამოიდეს. მე, რომ ვიყო კანდიდატი, ამ საკითხს პარტიის ყრილობაზე დავაყენებდი. იმ კანდიდატებს, რომელსაც ფიქრის პროცესი აქვთ, იყარონ თუ არა კენჭი , ვურჩევდი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მაღალი ლეგიტიმაციით ყრილობამ მიიღოს, ვიდრე ინდივიდუალურად მოხდეს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება.

„ალიანსთან“ დაკავშირებით ისეთი ტურბულენცია შექმნა, ისე გაღრმავდა ის დაპირისპირება, რომელიც არსებობდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, უმრავლესობას ჩამოყალიბებული აქვს აზრი, რომ ამ ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდება ხელახლა საკუთარი თავის პოვნა. როდესაც ურთიერთთავდასხმები არ დამთავრდა, როდესაც ამ თავდასხმების ადრესატი უმეტესად არის პარტიის ციხეში მყოფი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. ჩემი აზრით, ძალიან ვიწროვდება ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლო ვარიანტი“, - განაცხადა სანიკიძემ.