ირაკლი კობახიძე - ბოლო დროს განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ აშშ-თან პარტნიორობა აღდგება - რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, გამოწვევებით არის სავსე და უსამართლო მიდგომის მიუხედავად, ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ბოლო დროს განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ აშშ-თან პარტნიორობა აღდგება - რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, გამოწვევებით არის სავსე და უსამართლო მიდგომის მიუხედავად, ვაგრძელებთ ვალდებულებების შესრულებას

2026-06-26 14:02:43+04:00

ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, რაც ასევე უნარჩუნებს ოპტიმიზმს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა აშშ-თან. ამასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის პირადად მე. ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. პირადად მქონდა სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივან რუბიოსთან. ძალიან მეგობრული და საინტერესო საუბარი გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შედგა საქართველოში ტექნიკური ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ეს პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით“,-განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსამართლო მიდგომის მიუხედავად, ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას.

„რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, იცით, რომ ეს ურთიერთობები გამოწვევებით არის სავსე, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სათანადოდ შესრულდეს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ კუთხით ფუნდამენტური პროგრესი გვქონდა. საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების 80% უკვე არის შესრულებული, მათ შორის უშუალოდ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 81% არის შესრულებული. ეს აჩვენებს ჩვენს მიდგომას საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არის უსამართლო მიდგომა, უამრავი გამოწვევა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაგრძელებთ ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას“,-განაცხადა კობახიძემ.