ტატა ხვედელიანი პრემიერს - ევროინტეგრაციაზე ბევრს საუბრობთ, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან ყველაზე კარგად ბიუჯეტი ადარებს ხელისუფლებას - რამდენ პროცენტამდე ადის განათლების დაფინანსება და თუ ეს მაჩვენებლები არ იცვლება, რა არის თქვენი რეფორმა? - Palitra News

ტატა ხვედელიანი პრემიერს - ევროინტეგრაციაზე ბევრს საუბრობთ, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან ყველაზე კარგად ბიუჯეტი ადარებს ხელისუფლებას - რამდენ პროცენტამდე ადის განათლების დაფინანსება და თუ ეს მაჩვენებლები არ იცვლება, რა არის თქვენი რეფორმა?

2026-06-26 14:38:25+04:00

ევროინტეგრაციაზე ბევრს საუბრობთ, მაგრამ ევროპულ სტანდარტებთან ყველაზე კარგად ბიუჯეტი ადარებს ხელისუფლებას, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.

ხვედელიანმა კითხვების ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განათლების სისტემასა და მის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებით დასვა კითხვა და საუნივერსიტეტო ქონებისა და შენობა-ნაგებობების გარშემო სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა.

„ევროკავშირის ქვეყნებში განათლებაზე საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5% იხარჯება. საქართველოში კი 3.7%.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ია, საქართველოში კი, მხოლოდ 0.3%. ანუ ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე ათჯერ ნაკლებს ხარჯავთ მეცნიერებასა და კვლევაზე.

ამ ფონზე თქვენი ხელისუფლება ევროპული საგრანტო პროგრამების მონაწილეებს „უცხოური გავლენის“ ეჭვის ქვეშ აყენებს, ხოლო მეცნიერებისა და კვლევის დაფინანსებაზე თავად ევროპულ მინიმუმთან მიახლოებასაც კი არ ცდილობს.

თქვენ და ბატონი მიქანაძე რასაც „განათლების რეფორმას“ ეძახით, ზუსტად რა პროპორციით ზრდის განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებას?

კონკრეტულად, რამდენ პროცენტამდე ადის განათლების დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტში და რამდენ პროცენტამდე ადის კვლევისა და განვითარების დაფინანსება?

თუ ეს მაჩვენებლები არსებითად არ იცვლება, მაშინ რა არის რეალურად თქვენი რეფორმა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება თუ უბრალოდ ადმინისტრაციული გადანაწილება, უნივერსიტეტების გადაადგილება და ჩინეთში შეკერილი სასკოლო ფორმების პროექტი?

თქვენი განათლების მინისტრი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე განისაზღვრა. ეს თუ ასეა, მაშინ პირველი, რატომ არ არის კვლევა სრულად და დეტალებში გამოქვეყნებული?

მეორე, თუ შრომის ბაზრის მოთხოვნაა კრიტერიუმი, რატომ შეეხო კვოტირება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს და არა კერძო უმაღლეს სასწავლებლებს?

მესამე, არსებობს თუ არა გეგმა სახელმწიფო უნივერსიტეტების ბალანსზე არსებული მიწების, შენობებისა და სხვა ქონების გადაცემის ან ჩამორთმევის შესახებ რეფორმის მომდევნო ეტაპებზე?

თუ ასეთი გეგმა არ არსებობს, თქვით პირდაპირ. თუ არსებობს, დაასახელეთ რომელი უნივერსიტეტების ქონებას ეხება და რატომ არ იცის ამის შესახებ არც აკადემიურმა საზოგადოებამ და არც სტუდენტებმა”, - მიმართა ხვედელიანმა ირაკლი კობახიძეს.