საქართველოსთან და ვიეტნამთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების (ISF) ინიციატივის ფარგლებში, ღაზის სექტორში ომის შემდგომ პერიოდში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი Channel 12-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იგეგმება კირიათ-გათში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) რეფორმირება, რისი მიზანიც მისი ოპერატიულობას გაზრდა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან კოორდინაციის გაძლიერებაა.
CMCC სამხრეთ ისრაელში გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმის ფარგლებში. მას დაევალა ისრაელ-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, დახმარების შეტანის ხელშეწყობა და პალესტინის ტერიტორიისთვის ომის შემდგომი პოლიტიკის შემუშავება.
გეგმების შესახებ ინფორმირებული სამი დიპლომატის თქმით, ცენტრს სახელი შეეცვლება და ღაზას სექტორის დახმარების საერთაშორისო ცენტრი დაერქმევა, სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები (ISF) კი, რომელიც ისრაელის გასვლისა და „ჰამასის“ განიარაღების შემდეგ გარდამავალ პერიოდში ღაზას სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მის საქმიანობაში გაცილებით დიდ როლს შეასრულებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გასამარტივებლად ასევე შემცირდება ღაზას სექტორის მომავალთან დაკავშირებული მაღალი დონის დისკუსიებში ჩართული ქვეყნებისა და წარმომადგენლების რაოდენობა. ცვლილებები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.
Channel 12-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსთან და ვიეტნამთან ISF-ში ჯარების გაგზავნის შესახებ და საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთს და ალბანეთს, რომლებმაც უკვე დათანხმდნენ ძალების გაგზავნას.
Channel 12-ის ცნობით, „მშვიდობის საბჭომ“ ინფორმაცია არ უარყო და განაცხადა, რომ ის ღაზაში მმართველობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის გეგმების წინსვლას აგრძელებს ძალისხმევის გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. მათივე განმარტებით, მისიის გაფართოების პარალელურად, „სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები“ და „სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრი“ უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელს ამზადებენ, ამჟამად პერსონალის შემცირება არ იგეგმება და დამატებით ქვეყნებთან ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
Channel 12-ის ცნობით, საქართველო და ვიეტნამი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.