რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას არწმუნებდით, რომ ნახევარი კილო საქონლის რბილი ხორცის ყიდვა 10 ლარად იყო შესაძლებელი. დღესაც ძალაშია ეს განცხადება? დაასახელეთ 5 ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, რომელზეც, თქვენი დაპირების შედეგად, ფასი საგრძნობლად შემცირდა. თუ ასეთი პროდუქტების დასახელება არ შეგიძლიათ, მაშინ იმაზე მაინც გვიპასუხეთ, როდის იტყუებოდით, დეკემბერში თუ ახლა? - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.
ოპოზიციონერი დეპუტატი, გაძვირებულ ფასებზე საუბრის შემდეგ, დაინტერესდა, დაუჭერს თუ არა კობახიძე მხარს მინიმალური ხელფასის 1050 ლარამდე გაზრდას და პენსიების 200 ლარით მომატებას.
“ბატონო ირაკლი, უცნაურია, რომ ასეთ ვრცელ ანგარიშში საერთოდ არ საუბრობთ ფასების ზრდაზე. ეს განსაკუთრებით უცნაურია იმიტომ, რომ 2025 წლის დეკემბერში თავად აცხადებდით, საქართველოში პროდუქციაზე საზღვრიდან დახლამდე 80%-მდე აუხსნელი დანამატი არსებობსო. ხალხს შეჰპირდით სპეციალურ კომისიას და თქვით, რომ მარტ-აპრილისთვის ფასები შემცირდებოდა. რა მივიღეთ შედეგად? პროდუქტები არათუ გაიაფდა, პირიქით - გაძვირდა.
ხოლო თქვენ, რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე იმის საპირისპიროს ამტკიცებდით, რასაც დეკემბერში ამბობდით, რომ საქართველოში სურსათი ევროპაზე იაფია. ამიტომ ძალიან კონკრეტულად გვიპასუხეთ - დაასახელეთ 5 ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, რომელზეც თქვენი დაპირების შედეგად ფასი საგრძნობლად შემცირდა. თუ ასეთი 5 პროდუქტის დასახელება არ შეგიძლიათ, მაშინ იმაზე მაინც გვიპასუხეთ, როდის იტყუებოდით, დეკემბერში თუ ახლა.
ასევე, რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას არწმუნებდით, რომ ნახევარი კილო საქონლის რბილი ხორცის ყიდვა 10 ლარად იყო შესაძლებელი. დღესაც ძალაშია ეს განცხადება? თუ ძალაშია, მაშინ დაგვისახელეთ კონკრეტული მაღაზია ან ბაზარი, სადაც საქართველოს მოქალაქე შეძლებს 10 ლარად ნახევარი კილო საქონლის რბილი ხორცის შეძენას.
რადგან ფასების გაიაფება ვერ შეძელით, დაუჭირეთ თუ არა მხარს მინიმალური ხელფასის 1050 ლარამდე გაზრდასა და პენსიის დამატებით 200 ლარით ზრდას, რათა ადამიანებმა გაძვირებული ცხოვრების პირობებში ელემენტარული ღირსებით მაინც შეძლონ ცხოვრება? ამ ინიციატივების მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო თქვენ თქვენი პოლიტიკური კარიერის მანძილზე არაფერი გაგიკეთებიათ და ვერც პრემიერად დარჩენილი ვადის გასვლამდე ვერ შეძლებთ რაიმე უკეთესის გაკეთებას”, - მიმართა კოვზირიძემ პრემიერს.