მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა. სწავლება ბოლნისსა და მუხროვანში გაიმართა, სადაც სამხედროებმა პირობით ობიექტზე კომბინირებული რეიდები, შენობის წმენდა, საინჟინრო აფეთქებისა და მოწინააღმდეგის განეიტრალების ოპერაციები შეასრულეს. დასკვნით ცერემონიალზე მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. „კავკასიის არწივი“ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების ყოველწლიური სწავლებაა, რომელიც როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. მომავალ წელს სწავლებას აზერბაიჯანი უმასპინძლებს.