პარტია „დროაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია. პარტიის ინფორმაციით, ძლიერი ტკივილების გამო ექიმმა სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარება ვერ შეძლო, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესულ გაუარესებაზე მიუთითებს. „დროაში“ ამბობენ, რომ შესაბამისი მკურნალობის გარეშე გატარებული ყოველი დღე დამატებით ზიანს აყენებს ხოშტარიას ჯანმრთელობას. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ოპოზიციის ალიანსიც“ . ალიანსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე კი აცხადებს, რომ „კოალიცია ცვლილების“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის შეფასების ნაცვლად ბრიფინგებით საუბარი „აბსურდის თეატრია“.