ლაშა ფარულავა - ალიანსში არის პრობლემები და არასამუშაო გარემო - „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გადაგვიტანია - Palitra News

ლაშა ფარულავა - ალიანსში არის პრობლემები და არასამუშაო გარემო - „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გადაგვიტანია

2026-06-28 15:16:00+04:00

ალიანსში არის პრობლემები და არასამუშაო გარემო - „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ არაერთი ბრძოლა და არაერთი წინააღმდეგობა გადაგვიტანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ფარულავას თქმით, „ოპოზიციის ალიანსში“ არიან ადამიანები, რომლებმაც „ანტი-მიშა“ პროპაგანდით შექმნეს კალაპოტი და ამით მთელ პროცესს აზიანებენ.

„ოპოზიციის ალიანსი“ იყო ერთად და ერთფეროვნების გარეშე. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხაზი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ, უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ, მათ შორის, ქუჩაში, რაც შეეხება ახალ არჩევნებს, ახალი არჩევნები შესაძლებელია მხოლოდ წნეხით და გარედან სანქციებით. ჩვენ ამ პარადიგმის ერთგულები ვართ, უბრალოდ არის არასამუშაო გარემო, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული სუბიექტების არაკეთილსინდისიერი ქცევიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ვაგრძელებთ პროტესტს და ბრძოლას. რაც შეეხება ალიანსში არასამუშაო გარემოს, ცხადია, პოლიტიკური პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობას იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც არა მხოლოდ კეთილსინდისიერები არიან, არამედ გულწრფელები არიან და აგრძელებენ ჩვენთან ერთად ბრძოლას.

„ნაციონალური მოძრაობა“ 14 წელია ამ ბრძოლის სპირალშია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ და ივანიშვილის რეჟიმს მივაყენოთ მნიშვნელოვანი დანაკარგები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ასპარეზზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. რაც შეეხება ალიანსსა და იქ მყოფ სუბიექტებს, რომლებსაც არაკეთილსინდისიერება ახასიათებთ, სწორედ ამ მოდუსიდან გამომდინარე, არის პრობლემები და არასამუშაო გარემო, ცხადია, პოლიტიკური პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით გააგრძელებს ურთიერთობებს იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ არაერთი ბრძოლა და არაერთი წინააღმდეგობა გადაგვიტანია.

არაკეთილსინდისიერები არიან ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან „ანტი-მიშა“ პროპაგანდით და ქმნიან ისეთ კალაპოტს, რომელიც დამაზიანებელია არა მხოლოდ ალიანსისთვის, არამედ იმ ბრძოლისთვის, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების მიღებას.

როდესაც საერთო კალაპოტს აზიანებენ კონკრეტული სუბიექტები და კონკრეტული ადამიანები, ცხადია, მათთან ერთად ამ „ანტი-მიშა“ კამპანიაში ჩვენ არა თუ არ მივიღებთ მონაწილეობას, არამედ ამ ადამიანების გარეშე გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა ფარულავამ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც საკანონმდებლო ორგანოში მოხდა, უღირსი ქცევაა და ამას ტრადიციასთან და ქართულთან საერთო არაფერი აქვს.