გრიგოლ გეგელია - სამწუხაროა, რასაც ალიანსში ვუყურებ, არ შეიძლება ამას რაიმე ჯანსაღი მოჰყვეს - რაც შეეხება პარლამენტში დაპირისპირებას, როდესაც ძალოსანი, რომელსაც 600 კგ-ს აწევა შეუძლია, სხვების მიერ გაკავებულ ადამიანს ესხმის, კრიმინალია - Palitra News

გრიგოლ გეგელია - სამწუხაროა, რასაც ალიანსში ვუყურებ, არ შეიძლება ამას რაიმე ჯანსაღი მოჰყვეს - რაც შეეხება პარლამენტში დაპირისპირებას, როდესაც ძალოსანი, რომელსაც 600 კგ-ს აწევა შეუძლია, სხვების მიერ გაკავებულ ადამიანს ესხმის, კრიმინალია

2026-06-28 15:46:30+04:00

პირადად ჩემთვის სამწუხაროა, რასაც ვუყურებ. ეს არ არის სერიოზული პროცესი, არ არის ნორმალური პროცესი და პროცესი, რომელსაც შეიძლება რაიმე ჯანსაღი მოჰყვეს შედეგად, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გეგელიას თქმით, ის მოხარულია, რომ „ლელო“ არ არის ამ დაპირისპირების ნაწილი.

„ლელო - ძლიერ საქართველოს“ არჩეული აქვს განვითარების სწორი გზა. ეს არის დადებით დღის წესრიგზე, შინაარსსა და ძალიან ბევრ მუშაობაზე ორიენტირებული გზა. ეს გზა არ გვიტოვებს არავითარ დროს, ხალისსა და ინტერესს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის შიდა კინკლაობით ვიყოთ დაინტერესებული რაიმე კუთხით.

ჩვენ არ გვაინტერესებს, ისინი რას იზამენ, როგორ იზამენ, ეს არის მათი საქმე და მათი გადასაწყვეტი. ჩემთვის პირადად სამწუხაროა, რასაც ვუყურებ. ეს არ არის სერიოზული პროცესი, არ არის ნორმალური პროცესი და პროცესი, რომელსაც შეიძლება რაიმე ჯანსაღი მოჰყვეს შედეგად, მაგრამ მე ძალიან გახარებული ვარ, რომ „ლელო“ არ არის ამის ნაწილი და არც ცდება მსგავსი ტიპის კინკლაობაზე“, - განაცხადა გეგელიამ.

მან ასევე შეაფასა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება და აღნიშნა, რომ პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს.

„ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის კრიმინალი ბანდიტების ფორმირება და არა პოლიტიკური პარტია. ამავე დროს აჩვენებს იმას, რომ მათ არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ, როდესაც ძალოსანი, რომელსაც 600 კილოგრამის აწევა შეუძლია და სხვების მიერ ხელით გაკავებულ ადამიანს თავს ესხმის და ასეთი ძალით უთავაზებს მუშტს ,ის არის კრიმინალი. მან ხაზი გადაუსვა ყველა იმ მიღწევას, რომელიც ობიექტურად გააჩნდა ამ ქვეყნის წინაშე საკუთარ პროფესიაში. ახლა ათი ოქროც რომ მოიგოს, ისეთივე არაკაცად დარჩება, როგორი არაკაციც ვიხილეთ პლენარულ სხდომათა დარბაზში იმიტომ, რომ კაცობა ოქროთი არ იზომება. კაცობა, ადამიანობა და მოქალაქეობა იზომება ქცევებით და ეს კაცი, რომელიც ვნახეთ, არის უბრალოდ პატარა, უშნო კაცი, რომელმაც სხვების მიერ გაკავებულ ადამიანს მუშტი უთავაზა და ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა მაშინ, როდესაც აქვს თმენის ვალდებულება.

აუცილებლად უნდა დადგეს მათი [„ქართული ოცნების“ დეპუტატების] სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. პროკურატურამ ხომ იხილა ეს კადრები? ასეთ კადრებს რომ იხილავს, ის ვალდებულია, საქმე აღძრას. ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალური სახელმწიფო, დაახლოებით, ერთი საათის თავზე უნდა ყოფილიყო აღძრული შესაბამისი საქმე“, - განაცხადა გეგელიამ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაზე და წარმატება უსურვა ახალ ოპოზიციურ ძალას. კითხვაზე, ხომ არ აპირებს „ძლიერი საქართველო - ლელო“ ყიფიანის პარტიასთან ალიანსს, გეგელიამ უპასუხა, რომ მათ საერთო ხედვები აქვთ და მომავალში თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ღირებულება გაგვაჩნია და ბევრჯერ ვითანამშრომლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი დასრულების საქმეში. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, მთავარი არის ის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური ენერგიები არსებობს ამ ქვეყანაში და ეს არის ენერგიები, რომელსაც ძალიან მკაფიო ხედვები აქვს“, - განაცხადა გეგელიამ.