„ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებლის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია.
როგორც მან განაცხადა, „ჯერ საქართველოს“ ბევრი მეგობარი ჰყავს ოპოზიციურ პარტიებში, ასევე აქვს პირადი კავშირები და მათ შორის კონსულტაციები აუცილებლად იქნება.
„გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ შესასრულებელი გვაქვს ჩვენი შიდა სამუშაო. ჩვენ უნდა დავინახოთ რეალურად, რა ადგილი და როლი გვიკავია ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. ვიდრე არ შევდგებით როგორც პოლიტიკური პარტია, ვფიქრობ პარტნიორებისთვისაც არ იქნება საინტერესო ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენ რომ შევიგრძნობთ ჩვენს ძალებს და გავიგებთ იმას, თუ რა შეგვიძლია, მაშინ დადგება დრო, როდესაც ჩვენ შევალთ უფრო აქტიურ ურთიერთქმედებაში პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ მანამდეც არაფერი გამორიცხავს კონსულტაციებს, ვინაიდან ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს სხვა ოპოზიციურ პარტიებში, გვაქვს პირადი კავშირები და ეს კონსულტაციები აუცილებლად იქნება. რაც შეეხება თანამშრომლობის ფორმებს, ეს ცოტა მოგვიანებით შედგება. ვვარაუდობ, დაახლოებით წლის ბოლოსთვის, უფრო ადრე არა",-განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
მისი განმარტებით, „ჯერ საქართველოს“ იდეოლოგია დაფუძნებული მემარჯვენე-ცენტრიზმზე და ვინც ამ იდეოლოგიას იზიარებს, მათთან მოიაზრებენ სამომავლოდ თანამშრომლობას.
„ვინც იზიარებს ამ იდეოლოგიას და ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ყველასთან შეიძლება თეორიულად ჩამოვაყალიბოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატები, მაგრამ მანამდე, ვიდრე ეს მოხდება, ჩვენც, ჩვენი შესაძლო პარტნიორებიც უნდა დარწმუნდნენ იმაში, რეალურად რა ძალას წარმოვადგენთ ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და რა ხარისხის მხარდაჭერის იმედი შეიძლება გვქონდეს ჩვენი ამომრჩევლისგან. დღეს ამის თქმა არის ძალიან ნაადრევი. დღეს პოლიტიკური პარტიაც არ ვართ, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავატაროთ ჩვენი შიდა სამუშაო, რომ რეალურად მივხვდეთ სადამდე სწვდება ჩვენი ძალები. ამის შემდეგ თანამშრომლობაზეც ვიფიქრებთ",- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება იმას, მოახდენს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის ურთიერთობა საერთო პოლიტიკურ ფონზე გავლენას, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ ამას გავლენა ექნება.
„ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ მე მაინც და მაინც დიდი ცოდნა არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ალიანსში. იმედი მაქვს, ეს დროებითი გაუგებრობები გაირკვევა და ჩამოყალიბდება ისეთ ძალად, როგორც მათ მთავარ პოლიტიკურ აქტორებს მიაჩნიათ",-განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზეც ისაუბრა და ამ ფაქტს „ხელისუფლების სირცხვილი უწოდა“.
„ეს არის სირცხვილი ჩვენი სახელმწიფოს, რომ ქალბატონი ელენე ხოშტარია და ქალბატონი მზია ამაღლობელი ციხეში არიან. რუსეთშიც კი ისეთი დარღვევისთვის, რის გამოც მიუსაჯეს ქალბატონ ელენეს 2 წლით პატიმრობა, არის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. არა მხოლოდ ოპოზიციისთვის და ქალბატონი ელენესთვის, არამედ „ქართული ოცნებისთვის" არის უკეთესი და მათ ინტერესებშია, ქალბატონი ელენე და ქალბატონი მზია რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან. ამასთან ერთად, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც დღეს ციხეში იმყოფება",-განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.