აზერბაიჯანი ისრაელის მთავრობას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს - Palitra News

აზერბაიჯანი ისრაელის მთავრობას სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

2026-06-29 12:50:11+04:00

ისრაელის მთავრობის მიერ ე.წ. „სომეხთა გენოციდთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სერიოზული შეშფოთების საკითხია, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტების დამახინჯება და რთული ისტორიული საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე დაყვანა, რომელსაც არ გააჩნია მყარი სამართლებრივი ან სამეცნიერო საფუძველი, მიუღებელია“, - აცხადებენ უწყებაში.

მათი მტკიცებით, ასეთი ქმედებები ძირს უთხრის რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს.

„ასეთი ქმედებები ხელს არ უწყობს შერიგებას ან ურთიერთგაგებას. პირიქით, ისინი აღრმავებენ არსებულ დაყოფას და ძირს უთხრიან რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებს. მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელის მთავრობამ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარების შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა.