შალვა პაპუაშვილი - სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან - ისინი, ვინც პროევროპულობას იბრალებენ, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან - ისინი, ვინც პროევროპულობას იბრალებენ, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები

2026-06-29 14:22:30+04:00

დღეს, სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან - ისინი, ვინც პროევროპულობას იბრალებენ, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირიც უნდა იყოს ამ წამოწყების გულშემატკივარი, თუკი არ უნდა, რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასთან და სიძულვილის ენასთან.

„შედეგები გვაჩვენებს, რომ გარედან თავსმოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია მათ შორის, პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზეა გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყველანაირი ღია დისკუსია. ამიტომ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისა და უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ იყოს წაქეზება ესკალაციის, სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციისა.

მეორე, რასაც ეს მოიტანს არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია შეიძლება ამით ცოტათი გამოსწორდეს. დღეს, სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპელობასთან. ვხედავთ ჩვენ, რომ ისინი, ვინც იბრალებენ პრო-ევროპულობას, არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოცმედიაში და არამხოლოდ. რაც ზიანდება ამით არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ასე რომ, თუკი ევროკავშირს არ უნდა, რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასთან და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი ამ წამოწყების, რაც საბოლოო ჯამში ე.წ. პროევროპულ ძალებს აიძულებს, რომ დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ რა სურთ. გავიგეთ რომ ლანძღვა-გინება კარგად სცოდნიათ, მაგრამ ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახავთ,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.