ანა დოლიძე - გახარიას გუნდის წევრებს პარლამენტში შესვლისას უნდა გაეთვალისწინებინათ, როცა ომში მიდიხარ, რა მოხდება - უმსგავსობაა, მაგრამ ამ სისტემისთვის ერთ-ერთი აგურის დამდებისგან მიკვირს ამ ვითარების შეცხადება - Palitra News

ანა დოლიძე - გახარიას გუნდის წევრებს პარლამენტში შესვლისას უნდა გაეთვალისწინებინათ, როცა ომში მიდიხარ, რა მოხდება - უმსგავსობაა, მაგრამ ამ სისტემისთვის ერთ-ერთი აგურის დამდებისგან მიკვირს ამ ვითარების შეცხადება

2026-06-29 22:10:44+04:00

ეს ყველაფერი [პარლამენტში დაპირისპირება] რა თქმა უნდა, უმსგავსობაა, მაგრამ ამ სისტემისთვის ერთ-ერთი აგურის დამდებისგან მიკვირს ამ ვითარების შეცხადება , - ამის შესახებ პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში შედიოდნენ, უნდა სცოდნოდათ, რა მოხდებოდა პარლამენტში და რა მეთოდებს გამოიყენებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

„რა თქმა უნდა, შევძრწუნდი ამის ნახვით, სულ ახლახან იყო გორის პოლიციის ფაქტი და ჩემი აზრი, ეს ერთი და იგივეა. ერთ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქე ჩაქოლეს და მეორე შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრები. უმსგავსობა იყო ის, რაც ჩვენ ვნახეთ. როგორ შეიძლება ამ ხალხმა ვინმეს კანონის მიღებით რაიმე სტანდარტი დაუწესოს. შეიძლება ხვალ ეს მოძალადე ადამიანები შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, ჯარიმა აწიონ? მძღოლს, რომელმაც იყვირა, იმას შენიშვნა უნდა მისცენ? ხვდებით, როგორ აბსურდში ვართ და რამდენად ლეგიტიმაცია გამოცლილია მთლიანად სისტემა.

თუმცა ვერ გამოვდგები გახარიას პარტიის დამცველად ორი მიზეზის გამო: ერთი, როდესაც ამ პარლამენტში შედიხარ, არ უნდა იყოს სიურპრიზი, რა მეთოდები აქვს „ქართულ ოცნებას“, რა მეთოდებით იბრძვის და რა მეთოდები დარჩა. როდესაც შევიდნენ პარლამენტში, მე მგონი, უნდა გაეთვალისწინებინათ, როცა ომში მიდიხარ, გასაგებია ამ ომში რა მოხდება. მეორე, გაგახსენებთ, რომ 2020 წელს მე ვიყავი დიდუბე-ჩუღურეთში კანდიდატი და თავს დამესხნენ წერეთლის 105 ნომერში. განცხადებაც შევიტანეთ, ჩემს პატარა გუნდს თავს დაესხნენ, ჩვენ გაქცევა მოგვიწია,საფრთხის წინაშე დავდექით. ვინ იყო მაშინ პრემიერი? გიორგი გახარია. ეს პირველი პირველი ძალადობრივი გარჩევა არ იყო, მფრინავი დაჩი ბერაია რომ იყო, ეს სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ხდებოდა. გიორგი გახარია ძალიან სერიოზულ თანამდებობაზე იყო და ყველა შესაძლებლობა არ გამოიყენა, რომ ეს დღეს არ მომხდარიყო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.